saqarTvelos mRvimeebi - gvarjilis klde
კარსტული მღვიმე ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფ. რგანის მიდამოებში, მდ. ჭერულის (ყვირილის მარჯვენა შენაკადი) ხეობაში. ზღვის დონიდან 480 მ. გამომიშავებულია ზედაცარცულ კირქვებში. სიგრძე 30 მ. მღვიმეში არის მცირე ზომის სტალაქტიტები. 1916 წელს პოლონელმა არქეოლოგმა ს. კრუკოვსკიმ გვარჯლის კლდეში აღმოაჩინა და შეისწავლა ზედაპალეოლითური ხანის (მადლენის ეპოქის) ნამოსახლარი. 1953 წელს გაითხარა (ხელმძღვანელი დ. თუშაბრამიშვილი) 6 ფენა, რომელთაგან 2 კულტურის ნაშთებს შეიცავდა. სულ მოპოვებულია ქვისა და ძვლის 26223 ნივთი (საფხეკები, საჭრისები, სხვადასხვა ტიპის დანები, მიკროიარაღები, შუბისპირები, ნემსები, ძვლის სადგისები, ბიზონის ძვლისაგან დამზადებული "მეთაურის კვერთხის" ფრაგმენტი, რომელზეც სიმბოლური გამოსახულებებია ამოკაწრული). დამუშავების ტექნიკითა და იარაღის ტიპებით ორივე ფენის მასალა ერთგვაროვანია. აღმოჩენილია მეოთხეული პერიოდის ცხოველთა (დომბა, ჯიხვი, ქურციკი, შველი, ირემი, მურა დათვი, მღვიმის დათვი, მგელი და ფრინველები) ძვლები. მასალა დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში.